Saturday, July 8, 2023

სენსორული ინტეგრაციის მნიშვნელობა სწავლებისას

 

ალბათ ყველას გამოგვიყენებია ფრაზა „მოთმინების ფიალა ამევსო“. ამ ფრაზით ადამინები აღწერენ იმ ბოლო წამს, როცა მეტის მოთმენა უბრალოდ აღარ შეუძლიათ. და ამ აუტანელ მდგომარეობაზე ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ. ზოგი ჩხუბს იწყებს, ზოგი ტირილს, ზოგი უბრალოდ გარბის, ზოგიც ხმას არ იღებს. 

    სულ ახლახანს  სამხრეთ აფრიკიდან მოწვეული განათლების ფსიქოლოგის იოჰან ვან ლილის საინტერესო ლექცია მოვისმინე მოთმინების ფიალაზე და გაკვეთილის მიმდინარეობისას მისი არსებობის გააზრების მნიშვნელობაზე.  ბატონმა იოჰანმა მას სენსორების სათლი უწოდა და დეტალურად განმარტა თუ როგორ ვლინდება სენსორული შეგრძნებებით მოსწავლის გადატვირთვა და როგორ შეიძლება მან ერთ წუთში რადიკალურად შეცვალოს მოსწავლის ქცევა.

   აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ მოსწავლეს განსხვავებული მოცულობის ფიალა აქვს, ანუ მათი სენსორული შეგრძნებების მოთხოვნილება თუ ამტანობა ინდივიდუალურია, ამიტომ მათი გარე გამღიზიანებელზე რეაქციაც განსხვავებულია. შეიძლება ზოგ მოსწავლეს მალევე გადაევსოს და სენსორებით გადაიტვირთოს ან პირიქით ზოგისთვის ეს ფიალა ზედმეტად ნაკლული იყოს და ამ ორივე შემთხვევაში ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის შედეგი ერთია, მოსწავლე ვერ ერთვება საგაკვეთილო პროცესში.  ასეთ ბავშვებს მარტივად ეფანტებათ ყურადღება, რადგან ვერ ახერხებენ ხმაურის და ვიზუალური სტიმულის გამორიცხვას. შედეგად, ვეღარ ახერხებენ მეტის მოთმენას,  რაც შეიძლება გამოიხატოს ტირილით, ყვირილით ან სხვა ნეგატიური ქცევით.

   სენსორული ინტეგრაქცია  არის ის თუ როგორ რეაგირებს ადამიანი, როდესაც ის იღებს სტიმულს. ეს სტიმული არის ის, რასაც აღიქვამ ჩვენი გრძნობი:

თანამედროვე ლიტერატურაში ძირითადად აღნიშნავენ  ხუთ ძირითად გრძნობას: ყნოსვა, მხედველობა, შეხება, გემო, სმენა და შინაგანი სენსორული სისტემები (პროპრიოცეპტიური, ვესტიბულური და ინტეროცეპტიური სისტემები).



მოდი განვიხილოთ ისინი დეტალურად

დავიძყოთ 5 ძირითადი უნარით:

სმენა: სტიმულატორია ხმამაღალი ან მოულოდნელი ხმები, სიმღერა, განმეორებადი ან კონკრეტული ტიპის ხმები (როგორიცაა თითის დარტყმა ან ტაში).

მხედველობა: მნიშვნელოვანია ვიზუალური ნიმუშები, გარკვეული ფერები ან ფორმები, მოძრავი, მბრუნავი  ან კაშკაშა ობიექტები ან სინათლე.

შეხება: სხვა ადამიანებისგან შეხება, საგნების შეხება და ჩხუბი, მჭიდრო ან რბილი ტანსაცმელი და გარკვეული ტექსტურები ან ზედაპირები.

ყნოსვა: სპეციფიკური სუნი. ზოგიერთ ბავშვს მოსწონს ყველაფრის სუნი, ხოლო ზოგიერთ ბავშვს შეუძლია ამოიცნოს - და გააპროტესტოს - სუნი, რომელსაც სხვები ვერ ამჩნევენ.

გემო: სპეციფიკური გემოს შეგრძნებები (როგორიცაა ცხარე, მჟავე, მწარე ან პიტნისფერი) და ტექსტურები (როგორიცაა ხრაშუნა, საღეჭი ან დაფქული), შესაძლოა არასაკვები საგნების ღეჭვა ან წოვა (როგორიცაა პერანგის სახელოები ან საყელოები).

მაგრამ არსებობს 3 არანაკლებ მნიშვნელოვანი სიისტემა, რომლებიც გავლენას ახდენენ სენსორული ინტეგრაციის პრობლემების მქონე ბავშვებზე.



           6. ვესტიბულური სისტემა (თავის მოძრაობის შეგრძნება სივრცეში)

ვესტიბულური სისტემა ხელს უწყობს ბალანსს და სივრცეში ორიენტაციას. ეს არის წამყვანი სისტემა, იგი  დაკავშირებულია სივრცით ორიენტაციასთან, ან იმის ცოდნასთან, თუ სად არის თქვენი სხეული „სივრცეში“.

           7. პროპრიოცეპტიური არის სხეულის მოძრაობის, პოზიციისა და წონასწორობის შეგრძნების უნარი. თუ როგორ გრძნობს ადამიანი სხეულის კუნთებისა და სახსრების პოზიციას, მდებარეობას და მოძრაობას. მაგალითად ცხვირთან თუ მიგავქს თითი არც ზედმეტად არ მივირტყად და არც ძალიან შორს არ დაგვრჩეს. მარტივად რომ ვთქვათ, კალამი რომ უჭირავს ბავშვს ფურცელთან როგორ მიიტანს და დაწერს ეს უნარია.

 

8.  ინტეროცეფცია  "ფარული გრძნობა" შინაგანი შეგრძნებებია

ყველას გიგრძვნია შიმშილი?  დაღლილობა? ჩვენ ვიცით, რას გრძნობდით. უმეტეს ჩვენგანს შეუძლია იმის გაგება, თუ რა ხდება ჩვენს სხეულში ჩვენი მერვე სენსორული სისტემის, „ფარული გრძნობის“ წყალობით. როდესაც ის კარგად მუშაობს, ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ რა სჭირდება ჩვენს სხეულს და მივიღოთ ზომები ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

ჩვენ შეგვიძლია განვიცადოთ ემოციები და შევძლოთ ზუსტად ამოვიცნოთ რას ვგრძნობთ (აღელვებული, სევდიანი, გაბრაზებული და ა.შ.)

   მაგრამ, ნებისმიერ სენსორული სისტემაში, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მოდულაციის სირთულეები. მას სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციას უწოდებენ, (SPD)ეს არის დარღვევა, რომლის დროსაც ტვინი ვერ ახდენს მულტისენსორული ინფორმაციის სათანადო სინთეზს. ეს იწვევს ჰიპერმგრძნობელობას (სტიმულებზე ზედმეტად რეაგირებას. მეტისმეტია მათთვის ვთქვათ ხმის ტემბი) ან ჰიპომგრძნობელობას (სტიმულებზე არასაკმარისი რეაგირება, მეტი უნდა რომ შეგამჩნიოს).

სენსორული შეგრძნებების გადატვირთვის დროს ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვის ტვინს შეიძლება გაუჭირდეს ადეკვატური რეაგირება.

   
ამიტომ, როცა მასწავლებელი შეამჩნევს, რომ მოსწავლე შუა საგაკვეთილო პროცესში თვალებზე ხელებს იფარებს, ყურებს იხშობს, ან ქუდს ჩამოიფხატებს რათა დაიხშოს მხედველობა და სმენა, ეს ქცევები მისთვის ინდიკატორი უნდა იყოს, რომ ბავშვი სავარაუდოდ სენსორული შეგრძნებების გადატვირთვის ზღვარზეა და გამღიზიანებლისგან თავის დაცვას ცდილობს.

    თუკი ამ სიტუაციაში მოვთხოვთ, რომ აქტივობას დაუბრუნდეს, გაკვეთილს მოუსმინოს, ან ქუდი მოიხადოს, მოსწავლე იძულებით თავდაცვით აგრესიაზე გადავა და შეიძლება ისტერიკაში ჩავარდეს. ასეთ დროს ბავშვს სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ ის გარე სტიმულატორები, რაც მის სენსორულ გადაწვას განაპირობებს. ამ დროს რადიკალურად განსხვავებული აქტივობაც შესაძლო გამოსავალი აღმოჩნდეს, მაგალითად უცებ ტაშის შემოკვრა, ან ისეთი აქტივობის შეთავაზება, რაც მთელი სხულის ჩართვას გულისხმობს, როგორიც არის ხტომა, ან სირბილი. 

როგორ უნდა ამოვიცნოთ სენსორების მაძიებელია ბავშვი,  ჰიპოსენსიტივი

თუ პირიქით სენსორული სტიმულების თავის ამრიდებელი.

სენსორული შეგრძნებების მაძიებელი- ჰიპოსენსიტიური

სენსორების მაძიებელი ბავშვები შეეცდებიან მიიღონ მეტი პროპრიოცეპტიური ინფორმაცია. მათ შეუძლიათ ადამიანებს ძლიერად ჩაეხუტონ ან დაეჯახონ საგნებს, რათა იგრძნონ ფიზიკური კონტაქტი და ზეწოლა.

სენსორულმა მაძიებლებმა შეიძლება ატრიალონ თავი წინ და უკან. წრიალებენ ადგილზე, ეკიდებიან თავდაყირა ან ხტებიან სიმაღლიდან.

მაძიებელი დგება ძალიან ახლოს სხვებთან საუბრისას და არ აქვს პირადი სივრცის შეგრძნება.

უყვართ ხტუნვა, ნივთებთან და ადამიანებთან შეჯახება - ზოგჯერ სახიფათო დონემდე

ვერ აცნობიერებენ საკუთარი ძალას. (ბავშვებმა შეიძლება გახვრიტონ ქაღალდი წერის დროს, დაამტვრიონ სათამაშოები ან დააზიანონ სხვები შემთხვევით.)

საუბრობენ ხმამაღლა

გამოსცემებ უცნაურ ხმებს

ღეჭავენ პერანგის სახელოებს, ან სხვა არასაკვებ ნივთებს

 

 

 

ჰიპერსენსიტივი

სენსორული შეგრძნებების თავის ამრიდებელი- ჰიპერსენსიტივი

სენსორებისგან თავის ამრიდებელი- შეეცდება თავი დააღწიოს ზედმეტ შეგრნებებს.

ფიზიკურად უფრო ფრთხილები არიან. შიშობენ რომ თამაშის დროს ხვა ბავშვები შეეხებიან.

ჩანან მორცხვები. არ მოსწონდა ჩახუტება ან კოცნა.

არიან წუნიები საკვებზე და ტანსაცმელზე.

ესმით და აწუხებთ ისეთი ფონური ხმები რასაც სხვები ვერც ამჩნევენ.

გაოგნებული და შეშინებული არიან მოულოდნელი ხმებითა და კაშკაშა განათებით.

ურჩევნიათ ყოფნა წყნარ და მშვიდ გარემოში.

 

   თუმცა კარგად ორგანიზებული სასწავლო გარემოთი და რესურსებით, შესაძლოა მოსწავლეების სენსორული გადაწვა, ან პირიქით სენსორული შიმშლი, თავიდან ავირიდოთ. გაგიზიარებთ ექსპერტების მიერ შემოთავაზებულ რამდენიმე რეკომენდაციას.  სენსორული გადატვირთვის პრევენციისთვის აუცილებელია სასწავლო ოთახი იყოს მინიმალისტურად გაფორმებული, მშვიდი განათებით, მაგიდაზე არ იყოს არასაჭირო ნივთები. თუმცა მცირე ზომის ხელჩასაჭიდი სათამაშოები, როგორიც არის სქვიში, სპინერი, რეზინის ბურთი მოსწავლეს ეხმარება დამშვიდებასა და ყურადღების კონცენტრირებაში და ასევე, აუმჯობესებს სწავლის უნარს. ასევე, შეგვიძლია სკამის ფეხებზე სპორტული რეზინი დავამაგროთ, რომ მოსწავლეებმა მოუსვენრობის დროს შეძლონ ფეხებით მსუბუქად გაწელონ ის.

მკვლევართა ნაწილი აღნიშნავს, რომ  მოძრაობა აუცილებელია სწავლისთვის, ამიტომ ბავშვების უმეტესობა უკეთესად სწავლობს, როდესაც ხელები ან ფეხები აქტიურია, რადგან ამ დროს თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო აქტიურდება.

ასევე, მოსწავლის სენსორული გადატვირთვის პრევენციისთვის სასურველია საკლასო რუტინის წინასწარ გაცნობა. მაგალითად: ახლა 7 წუთი ვწერთ, შემდგე 3 წუთი ვისვენებთ და შემდეგ, ისევ ვაგრძელებთ მუშაობას, გაკვეთილის ბოლო ათი წუთი გვექნება ჩაფიქრებული სიტყვის გამოცნობის თამაში.  მსგავსი რუტინა მოსწავლეებს სტაბილურობის განცდას უქმნის და ნაკლებად ღიზიანდებიან. ასევე სასურველია, დროის აღქმის ვიზუალური საშუალება ვთქვათ ქვიშის საათი, რადგან ზოგიერთს ჭირდება რომ აკონტროლოს დრო.

ზოგს უყვარს, როცა თვითონ არჩევს სასურველ აქტივობას, აქაც თვლის რომ მასწავლებელმა კონტროლის მექანიზმი მისცა და უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.

   ასე რომ, შემდეგ ჯერზე როცა მოსწავლე გაკვეთილზე ერთი შეხედვით არაადეკვატურ ქცევას გამოავლენს, დავფიქრდეთ იქნებ ეს მხოლოდ მისი სენსორული შეგრძნებების ფიალის გადავსების ბრალია და საყვედურის ნაცვლად, დავეხმაროთ მას ამ პრობლემასთან გამკლავებაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Sensory Processing Disorder in Children At School

Classroom Strategies for Sensory Processing Disorder

Can Fidget Toys Help Your Child’s Ability To Focus?

No comments:

Post a Comment

სენსორული ინტეგრაციის მნიშვნელობა სწავლებისას

  ალბათ ყველას გამოგვიყენებია ფრაზა „მოთმინების ფიალა ამევსო“. ამ ფრაზით ადამინები აღწერენ იმ ბოლო წამს, როცა მეტის მოთმენა უბრალოდ აღარ შეუ...