გაკვეთილის რეფლექსიები

დადებითად შეფასებული გარე დაკვირვების გაკვეთილის რეფლექსია

  სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის თამარ კასრაძის მიერ ჩატარებული         
        გარე დაკვირვების გაკვეთილის რეფლექსია

   2019 წლის 12 აპრილს XII კლასში ჩატარებული გაკვეთილი გეგმაში წარმოდგენილი ეტაპების მიხედვით წარიმართა და მიზანიც მიღწეულ იქნა. კონკრეტულად, მოსწავლეებმა გაივარჯიშეს ზოგადი და დეტალური კითხვის სტრატეგიები, რაც შესრულებული დავალებებით დადასტურდა,  და ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობებიც ამოიცნეს კონტექსტზე დაყრნობით. აქტიურად ვუწევდი მუშაობის პროცესს მონიტორინგს, რათა საჭიროების შემთხვევაში გამეწია სათანადო დახმარება, მიმეცა განმავითარებელი შეფასებები. და ასევე, მონიტორინგის შედეგად მოვახდინე მოსწავლეების შეფასება, რაც შესაბამისად ავსახე მათთვის ინდივიდუალურად მიწოდებულ კომენტარის ბარათებში.
გაკვეთილზე გამოყენებულმა აქტივობებმა  სრულად შეუწყეს ხელი მიზნის მიღწევას, რადგან, პარაგრაფების საკითხებთან დაკავშირება ზოგადი იდეეის გაგებას ემსახურება, ხოლო კითხვებზე პასუხების გაცემა - დეტალური კითხვის უნარში ავარჯიშებს მოსწავლეებს. ასევე, უცხო ლექსიკური ერთეულების სავარაუდო განმარტებების მიწოდებამ, გაუადვილა მოსწავლეებს კონტექსტიდან გამომდინარე სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობა და შესაბამისად წარმატებით გაართვეს თავი დასახულ ამოცანას. განსაკუთრებით კარგად იმუშავა დასაწყისში ფოტოებით თემის შემოტანამ/კონტექსტის შექმნამ, რამაც გამოიწვია მოსწავლეების ლექსიკური ცოდნის გააქტიურება და გაუჩინა ინტერესი საკითხავი მასალისადმი. ასევე, ღია საკლასო აქტივობამდე, პასუხების მეწყვილესთან გადამოწმება ნაკლები მზაობის მქონე მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევდა, მზად ყოფილიყვნენ მთელი კლასის წინაშე სწორი პასუხით წარსადგომად.
  უნდა ავღნიშნო, რომ გაკვეთილზე მომიხდა დაგეგმილი აქტივობების მოდიფიცირება. კერძოდ, გეგმის მიხედვით, რიგი აქტივობებისა  უნდა განხორციელებულიყო ინდივიდუალურად, თუმცა, დავავალე წყვილებში ემუშავათ. აღნიშნული ცვლილების განხორციელება დამჭირდა, რადგანაც რამდენიმე მოსწავლეს არ ჰქონდა მოტანილი სახელმძღვანელო და შესაბამისად, აქტივობის ინდივიდუალურად შესრულებას ვერ შეძლებდნენ.  ასევე, გეგმაში გაწერილი წერითი მეთოდის ნაცვლად გამოვიყენე ვერბალური მეთოდი, რამაც გაკვეთილი უფრო დინამიური გახადა.
   მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილს საერთო ჯამში დადებითად ვაფასებ, ვფიქრობ, რომ სისუსტედ უნდა ჩავთვალო რისკების ბოლომდე არ გათვალისწინება. ამ გადასახედიდან, აუცილებლად უნდა გამეთვალა ყველა რისკი, და სახელმძღვანელოს არ არსებობის შემთხვევაში გამოსავალი მზად მქონოდა. კერძოდ, უნდა მომემზადებინა საკითხავი მასალის ქსეროასლები და მაშინ ინდივიდუალურად შესასრულებელი აქტივობების წყვილებში გაკეთება არ მოუწევდათ მოსწავლეებს.



  სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის თამარ კასრაძის მიერ ჩატარებული         
        სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია


   2019 წლის 17 მაისს V კლასში ჩატარებული გაკვეთილი გეგმაში წარმოდგენილი ეტაპების მიხედვით წარიმართა და მიზანიც მიღწეულ იქნა. კონკრეტულად, ეს იყო გამჭოლი კომპეტენციებიდან შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებს მოუხდათ მათთვის ნაცნობი და ჩვეულებრივი საგნებისგან (სპაგეტი, წებოვანი ლენტა, ძაფი, ზეფირი), შეექმნათ სრულიად ახალი და ერთი შეხედვით წარმოუდგენელ დავალებისათვის გაერთვათ თავი - აეშენებინათ რაც შეიძლება მაღალი კოშკი. ასევე, მოახერხეს მოსწავლეებმა უცხო ენაზე გაცემული ინსტრუქციების გაგება გააზრება და გაკვეთილის ბოლოს სამიზნე ენაზე, შეადარეს ერთმანეთს ნამუშევრები.

   გაკვეთილზე გამოყენებულმა აქტივობებმა  სრულად შეუწყეს ხელი მიზნის მიღწევას, რადგან, მოსწავლეებმა შეძლეს კრიტიკულად შეეფასებინათ არსებული რესურსები და მიეღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება რათა წარმატებით გაერთვათ თავი დავალებისათვის, სადაც რა თქმა უნდა შემოქმედებითი უნარებიც გამოიყენეს. ასევე, წარმატებულად იმუშავა სამუშაო პროცესისათვის ტაიმერმა მუსიკის თანხლებით, ჩემს მიერ შერჩეული მუსიკა, თითქოს უფრო ახალისებდა და იდეების მოფიქრებაში ეხმარებოდა ბავშვებს. 
  უნდა ავღნიშნო, რომ გაკვეთილზე არ მომიხდა დაგეგმილი აქტივობების მოდიფიცირება.  ფოტოებით თემის წარდგენა, ლექსიკის ვიზუალური ხატის ჩვენება და ასევე, რეალიები დაეხმარათ ახალი სიტყვების დამახსოვრებაში, რაც დასტურდებათ მოსწავლეების მიერ შევსებული გასასვლელი ბილეთებიდან, სადაც ყველა მოსწავლეს ქონდა აღნიშნული თუ რა ისწავლეს გაკვეთილზე.
   მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილს საერთო ჯამში დადებითად ვაფასებ, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შეჯამების ფაზაზე მოსწავლეები ზედმეტად იყვნენ აჟიტირებულები და ერთმანეთის მოსმენა უჭირდათ, რადგან გამარჯვებული გუნდისთვის გადაცემული ზეფირები პატარებისთვის დიდი საცდური აღმოჩნდა, უნდოდათ რაც შეიძლება მალე დაეგემოვნებინათ ნუგბარი. ამიტომ ვფიქრობ, აჯობებდა სერტიფიკატი დამემზადებინა მათთვის და პრიზად ის გადამეცა.

  რაც შეეხება, გაკვეთილის გამოყენებით ხასიათს სხვა კოლეგებისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მიერ შერჩეული აქტივობა, არამარტო ინგლისურის პედაგოგებს, არამედ სამოქალაქო განათლების, მათემატიკის ან ხელოვნების მასწავლებლებსაც წარმატებით შეუძლიათ გამოიყენონ, არამარტო კრიტიკული და შემოქმედებითი, არამედ სამოქალაქო კომპეტენციების განსავითარებლად, სადაც გუნდური მუშაობის მნიშვნელობას გაიაზრებენ; ან კიდევ, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის დასაგეგმად, რადგან ეს პრობლემა ნამდვილად კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს მოსწავლისაგან.

No comments:

Post a Comment

სენსორული ინტეგრაციის მნიშვნელობა სწავლებისას

  ალბათ ყველას გამოგვიყენებია ფრაზა „მოთმინების ფიალა ამევსო“. ამ ფრაზით ადამინები აღწერენ იმ ბოლო წამს, როცა მეტის მოთმენა უბრალოდ აღარ შეუ...